წაღვერი-თორი (ავტო ტური)
თქვენ ჯერ კიდევ არ გინახავთ სოფელი თორი?
ზაფხული ამისათვის საუკეთესო დროა, დაეშურეთ. წაღვერიდან გუჯარეთის წყალს აღმა მიჰყვებით, შემდეგ გადაუხვევთ მიტარბის გზაზე (წაღვერიდან 5.3 კმ.) და ადიხართ ჯერ პატარა, მერე დიდ მიტარბიში. გზად ნახავთ მიწის გულიდან მომჩქეფარე წყაროებს, ასვეტილ კლდეებს, ყვავილებით მოქარგულ მინდვრებს. პატარა მიტარბიში მოქმედებს ტურისტული სამზარეულო სადაც შეგიძლიათ ისაუზმოთ. დიდი მიტარბისა და ბაკურიანის გავლით გადახვალთ ბაკურიანის ანდეზიტში და იქიდან ტყის გზით თორისკენ. ეს გზა გასაბჭოებამდე ხით ყოფილა დაგებული და ზედ ეტლები მოძრაობდა, ახლა ადგილ-ადგილ შემორჩენილია ნაშთები. ანდეზიტიდან თორამდე 8 კმ-ა და შერეულ ტყეში მიდის. მთელ გზაზე ჩიტების ჭიკჭიკი მიგაცილებთ. გზის დასასრულს იხსნება თორის მშვენიერი ხედი გაშლილი სივრცით, ველებით, ტყეებით. თორი შუა საკუნეებში დაწინაურებულ თორელთა საგვარეულოს სამყოფია, მათი სახელდებაც აქედან მოდის. ტყეში მრავლადაა შემორჩენილი უძველესი ნაქალაქარის ნაშთები, ტაძარი, რომელიც მცენარეულობითაა დაფარული, ხალხში ამ ადგილს ნადარბაზევს უწოდებენ. სოფელი თორი რუსეთის იმპერიის ხანაში ბორჯომის მმართველის სააგარაკე ყოფილა. დღემდე შემორჩენილია მისი სახლი. სოფლის ხელახალი აღორძინება თხუთმეტიოდე წლის წინ დაიწყო და ამჟამად ათამდე კომლი ცხოვრობს. სამეურნეო საქმიანობის ძირითადი სფერო მესაქონლეობაა. თორის ტერიტორიაზე დიდი არჩევანია დასასვენებელი და საპიკნიკე ადგილების. დაბანაკდებით სოფელში და ფეხით გახვალთ საინტერესო ადგილების მოსანახულებლად, ათვალიერებთ თორის სიძველეებს, ბუნებას, აუცილებლად გადით კანიონის სანახავად, რომელიც ნადარბაზევის სიახლოვეს მდებარეობს. წყარო სოფელშია, სოფლის განაპირას ჩამოდის ნაკადული. ამ მარშრუტზე ბაკურიანის ანდეზიტიდან გზად შეგიძლიათ ახვიდეთ ციხისჯვარში და ინახულოთ თერმული სამკურნალო წყლები. წაღვერის ტურისტულ ცენტრს შეუძლია გამოგაყოლოთ გიდი, რომელიც თორის მხარის საინტერესო წარსულში ჩაგახედებთ. |
ტურის სიგრძე 60კმ.
სირთულე - საშუალო |