უზნარიანის ციხე „მიამბე ციხის ნაშალო, რა დღე გაქვს გამოვლილიო..." უნებურად ეს სიტყვები აღმოგხდებათ, როცა უზნარიანის ციხეს იხილავთ.
გუჯარეთის ხეობაში არსებულ ციხე-ნაგებობებიდან უზნარიანის ციხე გამორჩეულია. იგი აგებულია შუა საუკუნეებში და ხეობის სადარაჯოზე იდგა მრავალი ასწლეულის განმავლობაში. ციხე მდებარეობს დაბა წაღვერის განაპირას, მდინარე გუჯარულას მარცხენა სანაპიროზე, კლდის თავზე. ციხის ძირში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის მასალა, რომელიც წაღვერის მიდამოებში ადამიანის უხსოვარი დროიდან ცხოვრებაზე მეტყველებს. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: „კიმოთისმანს ქვეით არს ციხე, თორისწყლის აღმოსავლეთის კიდესა ზედა, უზნარიანისა, ფრიად მაგარი“. ამ ციხეს 13-ე საუკუნის ცნობილი მხედართმთავრის, შალვა ახალციხელ-თორელის სახელსაც უკავშირებენ. ამ ციხეზე და მის მიმდებარე კლდეებზეა გადაღებული მხატვრული ფილმი „ცისკარა". ციხეზე ამოსვლა თუნდაც იმისთვის ღირს, რომ ხეობის თვალწარმტაცი ხედებით დატკბეთ. რადგან ციხემდე მოხვედით, აუცილებლად უნდა მოინახულოთ მის სიახლოვეს არსებული ჩანჩქერი და „მჟავე წყარო", აგრეთვე გააგრძელოთ გზა მზეთამზისკენ. თქვენს ლაშქრობას კიდევ უფრო შინაარსიანს გახდის წაღვერის ტურისტული ცენტრიდან გამოყოლილი გიდი. გაფრთხილება: ვინაიდან ციხე პირდაპირ კლდეზე დგას და დამცავი ღობე არ გააჩნია, აქ სირბილი, მკვეთრი მოძრაობები, ბავშვების ცელქობა საფრთხილოა. |
მარშრუტის სიგრძე 840 მეტრი
სირთულე - საშუალო ზ.დ. 1100 მეტრი |