წაღვერი-პატარა მიტარბი-დიდი მიტარბი-ბაკურიანი-ბაკურიანის ანდეზიტი - თორი
თქვენ ჯერ კიდევ არ გინახავთ სოფელი თორი?
ზაფხული ამისათვის საუკეთესო დროა, დაეშურეთ. ამ მარშრუტის ფეხით გავლას სხვა ხიბლი აქვს, შთაბეჭდილებებს არ ექნება საზღვარი.
ზაფხული ამისათვის საუკეთესო დროა, დაეშურეთ. ამ მარშრუტის ფეხით გავლას სხვა ხიბლი აქვს, შთაბეჭდილებებს არ ექნება საზღვარი.
დღე პირველი
წაღვერიდან გუჯარეთის წყალს აღმა მიჰყვებით, შემდეგ გადაუხვევთ მიტარბის გზაზე (წაღვერიდან 5.3 კმ.) და ადიხართ ჯერ პატარა, მერე დიდ მიტარბიში. გზად ნახავთ მიწის გულიდან მომჩქეფარე წყაროებს, ასვეტილ კლდეებს, ყვავილებით მოქარგულ მინდვრებს. პატარა მიტარბიში მოქმედებს ტურისტული სამზარეულო სადაც შეგიძლიათ ისადილოთ. დიდ მიტარბიში ღამის გათევა შეიძლება როგორც ადგილობრივ მოსახლესთან ან მიტოვებულ სახლში, ასევე კარავში. დღე მეორე დილით გზას გააგრძელებთ, ბაკურიანის გავლით გადახვალთ ბაკურიანის ანდეზიტში და იქიდან ტყის გზით თორისკენ. ეს გზა გასაბჭოებამდე ხით ყოფილა დაგებული და ზედ ეტლები მოძრაობდა, ახლა ადგილ-ადგილ შემორჩენილია ნაშთები. ამ გზაზე წყაროს ვერ შეხვდებით და გაითვალისწინეთ რომ თან იქონიოთ. ანდეზიტიდან თორამდე 8 კმ-ა და შერეულ ტყეში მიდის. მთელ გზაზე ჩიტების ჭიკჭიკი მიგაცილებთ. გზის დასასრულს იხსნება თორის მშვენიერი ხედი გაშლილი სივრცით, ველებით, ტყეებით. თორი შუა საკუნეებში დაწინაურებულ თორელთა საგვარეულოს სამყოფია, მათი სახელდებაც აქედან მოდის. ტყეში მრავლადაა შემორჩენილი უძველესი ნაქალაქარის ნაშთები, ტაძარი, რომელიც მცენარეულობითაა დაფარული, ხალხში ამ ადგილს ნადარბაზევს უწოდებენ. სოფელი თორი რუსეთის იმპერიის ხანაში ბორჯომის მმართველის სააგარაკე ყოფილა. დღემდე შემორჩენილია მისი სახლი. სოფლის ხელახალი აღორძინება თხუთმეტიოდე წლის წინ დაიწყო და ამჟამად ათამდე კომლი ცხოვრობს. სამეურნეო საქმიანობის ძირითადი სფერო მესაქონლეობაა. თორის ტერიტორიაზე დიდი არჩევანია დასასვენებელი და საპიკნიკე ადგილების. დაბანაკდებით და თქვენი ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე იმავე დღეს გახვალთ საინტერესო ადგილების მოსანახულებლად, ანდა მომდევნო დღისთვის გადადებთ. წყარო სოფელშია, სოფლის განაპირას ჩამოდის ნაკადული. დღე მესამე ათვალიერებთ თორის სიძველეებს, ბუნებას, აუცილებლად გადით კანიონის სანახავად, რომელიც ნადარბაზევის სიახლოვეს მდებარეობს. ნასადილევს ფეხით გამოხვალთ ბაკურიანამდე, იქიდან კი ტრანსპორტით ჩამოხვალთ წაღვერში ანდა გააგრძელებთ გზას სურვილის მიხედვით. ამ ტურის გამრავალფეროვნება შეიძლება კახისის ტბაზე გადასვლით. ამ შემთხვევაში უკან მობრუნება არარ მოგიწევთ და სოფელ დაბაში ჩახვალთ. კახისისკენ მიმავალ გზას თორელები მიგასწავლიან. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ წაღვერის ტურისტულ ცენტრს. |
საფეხმავლო ტური
მარშრუტის სიგრძე ერთ მხარეს 33 კმ. სირთულე - საშუალო ზ.დ. 1100-1700 ინფორმაცია - ვიკიპედია - ისტორიული წარსული |