ეიფელის ხიდი
თქვენ ალბათ არ მოელით, რომ ლეგენდარული კონსტრუქტორის ალექსანდრე გუსტავ ეიფელის, ცნობილი "ეიფელის კოშკის" ავტორის მიერ დამზადებული ხიდს ინახულებთ წაღვერთან, მდ. ცემისწყალზე, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზზე.
ხიდი მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში შეუკვეთა ეიფელს. ადგილზე მისი მონტაჟი განახორციელა კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ. ხიდი გაიხსნა 1902 წელს. ეიფელის ხიდი ჰარმონიულად ზის ულამაზეს ბუნებაში და მისი ნახვა სასიამოვნო შთაბეჭდილებებით აგავსებთ. მარშრუტი იწყება წაღვერის ცენტრში, ავდივართ კურორტ კეჩხობის ტერიტორიაზე, იქიდან ვეშვებით ფერდობზე და ჩავდივართ რკინიგზის ხაზზე, ასიოდე მეტრის გავლის შემდეგ ფეხს შევდგამთ ხიდზე. ეიფელის ხიდის ზაფხულში სრულად დანახვა ძნელია მცენარეულობის სიხშირის გამო. ამისათვის ფერდობზე ასვლა მოგიწევთ, რაც გარკვეულ სირთულესთანაა დაკავშირებული, ანდა უნდა ახვიდეთ ცემის გზაზე, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება ხიდის მიდამოების. დაბლა, ცემისწყალთან მარჯვენა ნაპირზე კარგი დასასვენებელი ადგილებია და აქ პიკნიკის მოწყობაც შეიძლება. ტურის გართულება კიდევ უფრო შეიძლება, თუ წყალწყალ დაჰყვებით მდინარეს და ქვემოდან შეხედავთ ხიდს. ხიდზე გადასვლის შემდეგ ეშვებით დაბლა და ჩადიხართ "მუნჯის წისქვილთან", სადაც ძალიან კარგი მდელოა დასასვენებლად, პიკნიკის მოსაწყობად, გართობისათვის. აქედან გამოდიხართ მთავარ გზაზე წაღვერის შესასვლელთან და მიემართებით ცენტრისკენ. ვრცლად ეიფელის შესახებ:
http://en.wikipedia.org/wiki/Gustave_Eiffel http://www.biography.com/people/gustave-eiffel-9285294 |
ტურის სიგრძე 3600 მ.
სირთულე: საშუალო |